ქართული და უცხოური (რომაული, ბერძნული, სპარსული, ფრანგული და სხვა) საისტორიო წყაროები ხაშურის რაიონის ტერიტორიაზე ასახელებენ ქალაქებს ალსა და სურამს. ეს უკანასკნელი ანტიკური ხანის ქართლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქთაგანია, რომელზეც გადიოდა აღმოსავლეთის ქვეყნებიდან დასავლეთ ევროპისაკენ მიმავალი მნიშვნელოვანი სავაჭრო _ სატრანზიტო გზა. ეს არის ცნობილი აბრეშუმის გზა. ამ გზის შესახებ ცნობებს გვაწვდის ბერძენი გეოგრაფიული სტრაბონი.
ალი განვითარებული ფეოდალიზმის დასაწყისში (XI_ს) ჩამოყალიბდა ქალაქად. მასზეც მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა გადიოდა ამ პერიოდში. ალი და სურამი ცნობილ სავაჭრო _ ეკონომიკურ ცენტრებსაც წარმოადგენდნენ ძველ საქართველოში. ამაზე მიგვანიშნებს აქ შემთხვევით აღმოჩენილი სამონეტო განძებიც. როგორც სურამი, ასევე ალი გამორჩეულია საინტერესო ისტორიული ძეგლებით.
ხაშურის რაიონი მდიდარია მატერიალური კულტურის ძეგლებით. აქ აღრიცხულია სხვადასხვა პერიოდისა და ხასიათის 150-ზე მეტი ძეგლი. ისეთი ცნობილი ძეგლების გარეშე. როგორებიც არიან წრომის, ხცისის, ნაბახტევის ეკლესიები და სხვა. შეუძლებელია მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურის ისტორიის გააზრება.
წრომის ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრული აზროვნების უბრწყინვალესი ძეგლია. იგი
მაცხოვრის სახელზეა აგებული და VII საუკუნის 20_30_იანი წლებით თარიღდება. აქ ეკლესია ჯერ კიდევ V საუკუნის მეორე ნახევარში ვახტანგ გორგასლის დროს აუგიათ, ხოლო შემდეგ 626_634_635 წლებში დღევანდელი ტაძარი ერისმთავარ სტეფანოზ II დაკვეთითაა აშენებული.
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEjXIKWyG9Y4oWpxPFHCmfJUdWUioop-4IY90_3KiYJdYxJhRs0ejNmvUUow6HeHo1TqFKaHBOXBnKKbWeIlZB42Izfens5r3590fJtUFKS3sbjXE8t0wnZ9tEditS9PGDh0hnSJ1JJxNWY/s320/800px-Church_of_Tsromi.jpg)
წრომის ტაძრით იწყება მეორე ეტაპი ქართული ხუროთმოძღვრების განვითარების ისტორიაში. იგი ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა და პირველი ეტაპის ძეგლთაგან უპირველეს ყოვლისა განსხვავდება შიგა სივრცის ახლებური გააზრებით. აქ გუმბათი ეყრდნობა ოთხ თავისუფლად მდგომ სვეტს და არა კედლებს, როგორც ეს წრომამდელ ძეგლებშია (მაგ. ცნობილი მცხეთის ჯვრის მონასტერში). აბსიდი მხოლოდ საკურთხეველს აქვს, ე.ი. აღმოსავლეთის მკლავს. დანარჩენი მკლავები კი სწორკუთხაა. შიგა ინტერიერის ასეთი გააზრება ქმნის ტაძარში საოცარ სივრცეს, რომელიც მნახველს შესვლისთანავე ეუფლება.
ტაძარი ნაგებია მშვენივრად გათლილი თანაბარზომიერი ქვიშაქვის კვადრებით, აქ იმდენად ზედმიწევნით სუფთაა ქვის წყობა, რომ შესანიშნავი არქიტექტურული ეფექტი იქმნება. ეს მით უფრო, რომ ტაძრის გარეთა ფასადები არ გამოირჩევა მხატვრული გაფორმებით. ამ მხრივ ერთგვარ გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ აღმოსავლეთის ფასადი.
წრომში ჩვენს დრომდე შემორჩენილი იყო მისი თანდართული კედლის მოზაიკური მხატვრობა, რომლის ფრაგმენტები დღეს საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია გადატანილი.
ხცისში მდებარეობს XI საუკუნის დასაწყისის შესანიშნავი ძეგლი _იოანე ნათლისმცემლის ეკლესია. იგი აგებულია საქართველოს გაერთიანების ხანაში, როცა მკვიდრდებოდა და აღმავლობას განიცდიდა განვითარებული ფეოდალიზმის ეპოქის ხუროთმოძღვრება.
Eეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა და გამოირჩევა მაღალი მხატვრული აზროვნებით, ნაგებია მოვადრისფრო-მოყვითალო კარგად დამუშავებული კვადრებით, რაც დიდ ეფექტს ქმნის. განსაკუთრებით საყურადღებოა კარ-სარკმელების ჩუქურთმები. მაღალი ოსტატობით არის შესრულებული ბარელიეფები, რომელთა ნაწილი ჯვრის თემის ვარიაციებს გადმოგვცემს, ხოლო მეორე ნაწილზე ცხოველთა და ფრინველთა რელიეფური გამოსახულებანია. Eეკლესიის აღმოსავლეთის და დასავლეთის ფასადებს ამშვენებს ასომთავრული წარწერები (1002 წ.) რმლებიც ისტორიულ პირთაA სახელებს და ეკლესიის აშენების თარიღს შეიცავენ.
ხცისის ეკლესია ქართული ხუროთმოძღვრების საუკეთესო ხანის გააზრებულ და სრულყოფილ ნაწარმოებს წარმოადგენს.
ნაბახტევის ღვთისმშობლის ეკლესია ცნობილია კედლის მხატვრობით. Eეკლესია ბაზილიკაა, რომელსაც ჩრდილოეთიდან მიშენებული აქვს ოთხკუთხა ორსართულიანი სამრეკლო, სამრეკლოს ქვედა სართული ამავდროულად ეკლესიის კარიბჭეცაა.
ეკლესიის მხატვრობა გამოირჩევა მაღალი მხატვრული ღირსებებით და შექმნილია საქართველოს ძნელბედობის ხანაში, თემურ ლენგის შემოსევების შემდეგ. (1412-1431 წ.წ) რაც ძეგლს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქართული ხელოვნების განვითარების ისტორიაში. Eეს მით უფრო, რომ ამ პერიოდის ძეგლები იშვიათია ქართულ სინამდვილეში.
Eეკლესიის კედლის მხატვრობაში რელიგიური ხასიათის სიუჟეტებზე აგებულ კომპოზიციებთან ერთად, წარმოდგენილია საერო ხასიათის გამოსახულებებიც. მხატვრობა დახვეწილი ფერადოვნებით, ღია, ნათელი კოლორიტით, ფერთა უჩვეულო, სადაფისებური ჟღერადობით გამოირჩევა.
მხატვრობის ერთი ნაწილი ჩამოხსნილია და ინახება საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.
იტრიაში, სურამთან ახლოს, მდებარეობს ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის კომპლექსი. იგი სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენს, ნაგებია მოთეთრო თლილი ქვიშაქვის კვადრებით. არქიტექტურული გაფორმება სადა და მარტივია. იტრიის ეკლესია საყურადღებოა იმ თვალსაზრისით, რომ XI საუკუნის შემდეგ ასეთი ტიპის ბაზილიკები ქართული სინამდვილისათვის თითქმის სრულია უცხოა.
ინტერესს იწვევს სამრეკლო, რომელიც სამსართულიანია და აგებულია 1658 წელს. მასზე მიგვანიშნებს სამრეკლოს აღმოსავლეთის კედელზე გაკეთებული მხედრული წარწერა.
ეკლესიას გარს უვლის გალავანი, რომლის სამხრეთ ნაწილში კოშკი ყოფილა მოთავსებული. ეკლესიის მოშორებით, ჩრდილოეთით შემაღლებულ ადგილზე შემორჩენილია დიდი ციხის ნანგრევები მაღალი კოშკით.
სურამის კვირაცხოვლის ეკლესია, რომელმაც მთლიანად შეუცვალა იერსახე დაბას, ახალია. XV-XVIII საუკენეების არაერთ დოკუმენტში გვხვდება კვირაცხოვლის ეკლესია და ამავე სახელწოდების სერი. Eეკლესიამ, რომელიც დარბაზული ტიპის ნაგებობა იყო ჩვენს დრომდე ძლიერ დაზიანებულმა მოაღწია და ისიც 60-იან წლებში გახდა შესაძლებელი ძველი ეკლესიის ადგილზე ახალი ეკლესიის აშენება.
ეკლესია, რომელიც ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა, მთლიანად იმეორებს ქართული ხუროთმოზღვრების შესანიშნავ ტრადიციებს. აქ გუმბათი კედლებს ეყრდნობა. ნაგებია თეთრი, თანაბარზომიერი თლილი კვადრებით, რაც განუმეორებელ სილამაზეს მატებს ძეგლს. ეკლესია სურამის ნებისმიერი ადგილიდან მშვენივრად ჩანს და სხვა ძეგლებთან ერთად დიდ მომხიბვლელობას სძენს ნაქალაქარს.
სურამის ციხე შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავდაცვითი ნაგებობაა. ციხე დაბის შუაგულში მაღალ კლდოვან ბორცვზეა აგებული და სურამის წარმოდგენა მის გარეშე შეუძლებელია. იგი სურამის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს.
ციხის შესახებ მოგვითხრობენ არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი ავტორებიც. XVI-XVIII საუკუნეების განმავლობაში ამ ციხესთან დაკავშირებულია არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოს ისტორიიდან.
წაღვლი განსაკუთრებით საყურადღებოა არქეოლოგიური ძეგლებით. აქ გამოვლენილია 40-მდე ძეგლი, რომელიც მოიცავს კაცობრიობის განვითარების თითქმის ყველა პერიოდს ქვის ხანიდან მოყოლებული ფეოდალური ხანის ჩათვლით, შესწავლილი არქეოლოგიური ძეგლები მეტად მნიშვნელოვან წარმოდგენას გვიქმნის არა მარტო ამ სოფლის, არამედ საქართველოს ისტორიის იმ მონაკვეთზეც, რომელსაც ეს ძეგლები მიეკუთვნება.
XI-XII საუკუნეებში წაღვლი იყო სამეფო სადგომი. ისტორიკოსი აღნიშნავს, რომ როდესაც დავით აღმაშენებელი სამეფო ტახტზე ავიდა, ”იყო სადგომი სამეფო წაღულის თავს”. დღემდე შემორჩენილია დავით აღმაშენებლის სახელთან დაკავშირებული ციხე დარბაზის ნაშთები.
ხაშურის რაიონში საინტერესო მოვლენებს ჰქონდა ადგილი 20-ე საუკუნის 20-30-იან წლებში როცა მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის კულტურის განვითარებაში ეს წლები აღინიშნა აგრეთვე ქალაქ ხაშურის შემდეგი ზრდითა და განვითარებით.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კერძოდ 50-60-იან წლებში ხაშურის რაიონში დაიწყო მრეწველობის მთელი რიგი ახალი დარგების განვითარება და 70-80-იან წლებში საქართველოს ერთ-ერთ მძლავრ სამრეწველო ცენტრად იქცა. იგი დღესაც რჩება რკინიგზის უმნიშვნელოვანეს კვანძად, რომელიც სარკინიგზო ტრანსპორტთან დაკავშირებულ მთელ რიგ ორგანიზაციებს აერთინებს. აქ მოქმედებდა ევროპაში ერთ-ერთი დიდი შუშის ქარხანა, მექანიკური და საკისრების ქარხანა, საფეიქრო-საგალანტერიო ფაბრიკა და სხვა. სოფლის მეურნეობა ძირითადად წარმოდგენილი იყო მემინდვრეობით, მებოსტნეობით, მესაქონლეობით, მეხილეობითა და მევენახეობით. ამჟამად კვლავ მოქმედებს სპირიტის ცნობილი ქარხანა გომში.
ხაშური ცნობილია ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტებითაც. სურამი ბალნეოლოგიური, ხოლო ქვიშხეთი კლიმატური კურორტია. ორივე კურორტი გამოირჩევა მაღალი სამკურნალო ფაქტორებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვებზე. არის დასასვენებელი სახლები,ზაფხულობით მრავლად ჩამოდიან დამსვენებლები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან.
ხაშურის რაიონი გამოირჩევა მდიდარი კულტურული ტრადიციებით, რომელიც
შორეულ წარსულში იღებს სათავეს. დღეს იგი საქართველოს ერთ-ერთი კულტურული ცენტრია.
რაიონი ახალგაზრდობის სწავლებისა და აღზრდის საქმეს ემსახურება 27 საშუალო, 7 არასრული და 15 დაწყებითი სკოლა. სურამში ფუნქციონირებს საბავშვო სახლი. ხაშურში მოსწავლეთა რაიონული სახლი. ნორჩ ტექნიკოსთა სადგური და სხვა. განვითარებულია სკოლამდელი დაწესებულებების ფართო ქსელი. ახალგაზრდობის აღზრდის საქმეს ემსახურება 1200_ზე მეტი მასწავლებელი. რაიონში მოქმედებს ორი პროფესიულ_ტექნიკური სასწავლებელი.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მოხერხებული გეოგრაფიული მდებარეობა შესანიშნავი დასასვენებელი ადგილები, ბუნება, მთის ცივი, Aანკარა წყაროები, დიდი და პატარა მდინარეები, ბუნებრივი და ხელოვნური ტბები, თრიალეთისა და ლიხის ქედების უმშვენიერესი სანახები, ისტორიისა და ბუნების ძეგლები ყოველთვის იპყრობდა მნახველთა ყურადღებას . აქედან თავისუფლად შეიძლება მოხვდე საქართველოს ნებისმიერ კუთხეში. Eს კი საშუალებას იძლევა რომ მომავალში ხაშურის მუნიციპალიტეტი ორგანიზებული ტურიზმის მნიშვნელოვანი ცენტრი გახდეს.