ფლორა და ფაუნა

ფლორა

ფლორა მრავალფეროვანია - სტეპურიდან დაწყებული სუბალპურით დამთავრებული.
ვაკეზე გავრცელებულია ჯაგეკლიანი სტეპი, რომელშიც გარეულია ტყის ელემენტები; ბუჩქნარებიდან ძირითადია ძეძვი. ლიხის ქედის კალთაზე ტყეს უმთავრესად ქმნის წიფელი, არის აგრეთვე 
რცხილა, მუხა, გამოერევა წაბლიც.
ქვეტყეში ფოთლოვანი ჯიშების გარდა, ვხვდებით მარადმწვანე მცენარეებსაც; შქერს, ჭყორს, თაგვისარას. აქ და თრიალეთის ქედის მთისწინეთშიც ადამიანის სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებით ტყე გაჩეხილია, აქა-იქ გვხვდება ჯაგრცხილნარი. თრიალეთის ქედის კალთებზე ქვემოთ მუხნარ-რცხილნარია, ზემოთ - წიფლნარი. არის აგრეთვე ნაძვი და ფიჭვი, აქა-იქ სოჭიც.
ტყის ზონოს ზემოთ მთებზე (შუამთა, დიდი ქართა და პარატა ქართა, აგრეთვე თრიალეთის ქედის თხემი) სუბალპური მდელოებია. მტკვრის სანაპიროზე ზოგან შემორჩენილია ჭალის (ტუგაის) ტყე - ჭალის მუხა, ტირიფი, მურყანი, იალღუნი და სხვ.

ფაუნა

ხაშურის მუნიციპალიტეტის ფაუნა მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ბინადრობენ როგორც სტეპის ისე მთის ტყისათვის დამახასიათებელი ცხოველები.
ძუძუმწოვრებიდან არის მურა დათვი, მგელი, მელა, 
ტურა, თეთრყელა კვერნა, მაჩვი, დედოფალა, კურდღელი;
ბევრია მღრღნელი : თაგვი, ბუჩქნარის მემინდვრია, ძილგუდა.
ორნითოფაუნას ქმნიან : გარეული მტრედი, გვრიტი, შაშვი, მწყერი, ბევრია ყვავი, კაჭკაჭი, ქორი, კვირიონი, ბეღურა და სხვ.
მდინარეებში არის ქაშაპი, მტკვრის ტობი, ხრამული, მტკვრის წვერა, მურწა, ფრიტა, თაღლითა, გველანა და სხვ.