ნიადაგები

ხაშურის მუნიციპალიტეტის ნიადაგები ნაირგვარია. ნიადაგები იცვლებიან სიმაღლის ცვლასთან ერთად.
ტყის ყომრალი ნიადაგები გავრცელებულია ლიხისა და თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობების ზედა ნაწილში (სოფლები: უწლევი, ოძისი, ჩორჩანა) და ქვიშხეთის ჩრდილოეთ-დასავლეთით (სოფლები: ბულბულისციხე, მონასტერი და სხვ.) ზღვის დონიდან 1200-1600 მეტრზე. ყავისფერი ნიადაგები გარდამავალი საფეხურია ტყის ყომრალ, ველის ტიპის შავმიწა და წაბლა ნიადაგებს შორის. იგი შიდა ქართლის ტერიტორიაზე ფართოდაა გავრცელებული და მთა-ტყეთა ნიადაგებს შორის ყველაზე დაბლა მდებარეობს. სახელდობრ, გავრცელებულია ლიხის ქედის დაბალმთიან და მთისწინა ნაწილში ზღვის დონიდან 600-1200 მეტრზე.
ნეშომპალა კარბონატული ნიადაგები ძირითადად გავრცელებულია სოფლების ალის, წაღვლის, ნაბახტევის, დიდი ფლევის, ტკოცისა და ურთხვის მიდამოებში. ქანები აქ წარმოდგენილია კირქვებით, და კირქვიანი კონგლომერატებით. შავმიწისებრი ნიადაგები მთისწინეთებსა და ძველ ტერასებზე ფართოდაა გავრცელებული (ხაშური, სურამი, ვაყა, ქვემო ოსიაური, ზემო ოსიაური...). მდელოს ყავისფერ ნიადაგებს შიდა ქართლის ვაკის დასავლეთ ნაწილსი უმნიშვნელო ფართობი უკავია და ძირითადად თიხნარებსა და ძველ ალუვიურ სილნარ-თიხნარ ნაფენებზე. აღნიშნული ნიადაგები გვხვდება სოფლების ალის, ხცისის, ქვიშხეთის, გომის და ვაყის მიდამოებში.
მდინარე მტკვრისა და ზოგიერთი სხვა მოზრდილი მდინარის გაყოლებით ალუვიური კარბონატული ნიადაგია.