ხაშურში პოლიტიკური მოძრაობა სათავეს იღებს მეცხრამეტე საუკუნის 80-იანი წლებიდან და დაკავშირებულია რკინიგზის მთავარ სახელოსნოებთან. გაფიცვები დაფიქსირებულია 1886, 1887, 1888, 1890 წლებში . განსაკუთრებით მძლავრი ყოფილა 1898 წლის 18 დეკემბრის გაფიცვა. ეს იყო მუშათა I პოლიკური გამოსვლა – ა/კ რკინიგზის თბილისის მთავარი სახელოსნოების მუშებთან სოლიდარობის ნიშნით გაიფიცნენ მიხაილოვოს (დღ. ხაშური) რკ. სადგურის მუშები.
1903 წ. 13-15 იანვარს ჩატარდა დეპოს მუშათა კრება, რომელზეც ჩამოყალიბდა მიხაილოვოს რსდმპ ადგილობრივი ორგანოზაცია სოციალ-დემოკრატიული ჯგუფი.
1903 წ. 24 ივლისის გაფიცვისას მიხაილოვოს მუშებმა რკინიგზის ადმინისტრაციას წაუყენეს მოთხოვნები: 8 საათიანი სამუშაო დღე, დათხოვნილი მუშების დაბრუნება, ხელფასის 25%-ით მომატება. სამხედრო ნაწილებმა სროლა აუტეხეს დემონსტრანტებს, მოკლულ იქნა 14, დაიჭრა 15 მუშა. გაფიცვაში სულ 1500 მუშა მონაწილეობდა.
1961 წ. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების 40 წლისთავზე, ხაშურის რკ. სადგურთან აღიმართა 1903 წ. დახვრეტილ თანამემამულეთა ხსოვნის უკვდავსაყოფი ობელისკი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ აღებულ იქნა აღნიშნული ტერიტორიიდან.
1905-1907 წლების რევოლუციის პერიოდში ხაშური რევოლუციონერთა კონსპირაციული თავშესაფარი იყო. ამ ფუნქციას ასრულებდა რევოლუციონერი ქალის ლოლა ხოზბერიძის ბინა.
აღნიშნული რევოლუციის დროს ხაშურელმა მუშებმა დაამზადეს ზარბაზანი. იგი ზეინკალ ვ. ბექაურის ნახელავი ყოფილა.
1910 წ. თბილისის გუბერნატორის მოხსენებიდან ზემდგომი ხელისუფლებისადმი, ირკვევა, რომ რეაქციის წლებში (1907-1910) მიხაილოვო აღმოსავლეთ საქართველოს რევოლუციური მოძრაობის ცენტრს წარმოადგენდა.
დიდი ბურუსითაა მოცული ხაშურში განვითარებული მოვლენები დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში (1918-1921წ.) 1970 წ. გამოცემული გზამკვლევი ხაშურის შესახებ გვამცნობს, რომ 1919 წ. ნოემბერში ხაშურელმა ბოლშევიკებმა მოაწყვეს დიდი სახალხო აჯანყება მენშევიკური მთავრობის წინააღმდეგ. ამ აჯანყების დროს მენშევიკებს მოუკლავთ გამოჩენილი რევოლუციონერი გ. აიდაროვი და მრავალი სხვა მონაწილე. ინფორმაცია, ბუნებრივია, მწირია. ძნელია ვიმსჯელოთ, სინამდვილეში რა მოხდა ამ დროს ხაშურში. ჩვენ დავინტერესდით აღნიშნული საკითხით და განმარტება ვთხოვეთ ხაშურის არქეოლოგიური მუზეუმის მენეჯერს ბ-ნ თამაზ ლაცაბიძეს. მან განგვიმარტა, რომ თავად მუშაობს ჩვენთვისაც საყურადღებო საკითხებზე და ხაშურის საზოგადოება მალე მიიღებს რეალურ ინფორმაციას.
ასეა თუ ისე, ნამდვილად მოხდა თუ არა აჯანყება ხაშურში 1919 წელს, თუკი მენშევიკურ მთავრობას ჰყავდა მოწინააღმდეგენი, ისტორიული ფაქტები იმასაც გვამცნობენ, რომ ხაშურელი გვარდიელები სიცოცხლეს წირავდნენ სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისა და კეთილდღეობისათვის. გორათის ეკლესიის ეზოში განისვენებენ საქართველო-სომხეთის ომში (1918 წ. დეკემბერი) დაღუპული ხაშურელი გვარდიელები, რომელთა სახელები, სამწუხაროდ, ისტორიის ლაბირინთებში დაინთქა. 1919 წ. 25 მაისს, გორათის ეკლესიის ეზოში ჩატარდა კრება, რომელზეც შეიქმნა ხაშურის ახალგაზრდული ორგანიზაცია “სპარტაკი” -კომკავშირული ორგანიზაციის წინამორბედი პოლიტიკური მოვლენებიდან თხრობა გვსურს განვაგრძოთ განათლებისა და კულტურის სფეროებში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენებით. გავადევნოთ თვალი რა ხდებოდა “რევოლუციურ” ხაშურში რევოლუციური კულტურის თვალსაზრისით.
1881 წ. სექტემბერში ხაშურის რაიონში გაიხსნა პირველი სკოლა, რომელიც ცნობილია ზემო ჭალის ორკლასიანი სკოლის სახელწოდებით. 4 ოქტომბერს შემდგარა სკოლის საზეიმო გახსნა. სკოლის პირველი მასწავლებელი ყოფილა ალ. ანთაძე. სკოლასთან არსებობდა საქსოვი განყოფილება ქალთათვის. 1901 წ. თბილისში მოწყობილ კავკასიის სამეურნეო გამოფენაზე სასწავლებელი პატარა ოქროს მედლით და დიპლომით დაუჯილდოვებიათ.
1888 წ. ნოემბერში რკინიგზელთა ინიციატივით, ხაშურში გაიხსნა კეძო სკოლა.
1891წ. 1 სექტემბერს გაიხსნა მიხაილოვოს რკინიგზის ორკლასიანი სასწავლებელი. სწავლება რუსულ ენაზე მიმდინარეობდა. ჟურნალი “კვალი” 1897 წ. აღნიშნავდა “ამ სკოლაში მოსწავლე ქართველმა ბავშვებმა არცერთი ქართული ასო არ იციან,” რაც უდავოდ რუსეთის რუსიფიკატორული პოლიტიკის შედეგი იყო. ეს მდგომარეობა არ შეცვლილა 1918 წლამდე.
ხაშურში სახალხო განათლების განვითარების გზაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო საშუალო სასწავლებლის -ვაჟთა და ქალთა გიმნაზიების გახსნა.
1908 წ. 10 ნოემბერს ხაშურში გაიხსნა ოთხკლასიანი კერძო პროგიმნაზია. 1912 წ. სახეზე გვაქვს ექვსკლასიანი პროგიმნაზია, ხოლო 1915 წლისთვის -გიმნაზია.
1916 წ. აიგო გიმნაზიის შენობა (ამჟამად ხაშურის I საჯარო სკოლა, რომელსაც ხალხი დღესაც გიმნაზიის სახელით მოიხსენიეს. მის კედლებში აღიზარდნენ პროფ. კ. სალია, გრ. კიკნაძე, გრ. ბარამიძე და სხვანი).