კულტურა

რაიონში 34 სახელმწიფო და 7 არასახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 24 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 3 მუზეუმი.
ხაშურის მუნიციპაიტეტის ტერიტორიაზე ყოველგვარი არქეოლოგიური გათხრების გარეშე, მატერიალური კულტურის საყურადღებო ნაშთებით, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ეს ტერიტორია უძველესი დროიდან დასახლებული ყოფილა. მის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ქვისა და კაჟის იარაღები, სხვადასხვა სახის მძივები, ქინძისთავები ბეჭდები, სხვადასხვა ორნამენტებით შემკული ქილები, ბრინჯაოს იარაღები, სამარხები და სხვ. არქეოლოგიური ხასიათის ექსპონატები, რომლებიც დღეს ხაშურის რაიონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება.ასევე განსაკუთრებით საყურადღებოა ტკოცის გორაზე ნაპოვნი არქეოლოგიური ნივთები, რომლებიც აღმოჩნდა ე.წ. „გორგოტის“ ძირში, ყორღანისებრ მაღლობზე. აღსანიშნავია ორი კარგად ნახელავი სამაჯური და ბრინჯაოს ბალთა, რომელზედაც გამოსახულია მხედრის ქანდაკება. მხედარს თავზე მაღალი ქუდი ახურავს, ცალი ხელი ცხენის ფაფარზე უკიდია, მეორე კი წელზე აქვს შემოდებული. აქვე აღმოჩნდა ბრინჯაოს ხანჯალი (სატევარი), სამწახნაგოვანი ბრინჯაოს ისრის წვერი, თიხის ჭურჭელი და სხვ. 1938 წელს სოფელ ალში, ვენახის ბარვის დროს ნახეს უძველესი დროის ღვინის ქვევრები. ერთ ჰექტარ ფართობზე ორასამდე ქვევრი იყო, ზოგი მათგანი სამოც ვედრიანი. სისტემატიური ხასიათი აქვს რაიონის სოფლებში დიდი ზომის ქვევრების, მარნების, გულაზების, საქაჩავებისა და სხვა სახის საგნების აღმოჩენას, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ წარსულში ხაშურის რაიონის მეურნეობის წამყვან დარგს მეხილეობა-მევენახეობა წარმოადგენდა.