ქალაქ ხაშურის ბუნებრივი რესურსები
ქალაქ ხაშურის ტერიტორია არც თუ ისე ღარიბია ბუნებრივი რესურსებით. რაც გამოიხატება წყლების, ფლორისა და ფაუნის არსებობით. ქალაქის ტერიტორიაზე მიმავალი მდინარეები კასპიის ზღვა-ტბის აუზს მიეკუთნებიან. ესენია: მდინარე მტკვარი, სურამულა და შოლა. მდინარე მტკვარი ქალაქის სამხრეთიდან აღმოსავლეთისაკენ მიედინება, იგი თრიალეთის ქედის ჩრდილო ფერდობებს მიუყვება. მდინარის სიგრძე ხაშურის ტერიტორიაზე 15 კილომეტრს შეადგენს. წყალდიდობის პერიოდები აღინიშნება ადრეულ გაზაფხულსა და შემოდგომაზე. მდინარე ნადნობითოვლისა და წვიმის წყლებით საზრდოობს.
მდინარე სურამულა სათავეს იღებს ლიხის ქედიდან და უერთდება მდინარე ფცას მარჯვენა მხარეს. მდინარე ფცა მტკვრის მარცხენა შენაკადია, სურამულა პატარა მდინარეა, ის მთელ სიგრძეზე ჭრის ქალაქის ტერიტორიას. საზრდოობს გრუნტის, ნადნობი თოვლისა და წვიმის წყლებით. წყალდიდობა იცის შემოდგომაზე.
მდინარე შოლა
მდინარე შოლა პატარა მდინარეა და მდინარე მტკვრის მარჯვენა შენაკადია. ისიც ხაშურის სხვა მდინარეების მსგავსად გრუნტის წყლებით, ნადნობი თოვლისა და წვიმის წყლებით საზრდოობს. აქვს წყალდიდობის და წყალმირობის პერიოდები, თუმცა ქალაქისათვის საშიშროებას არ წარმოადგენს.
ქალაქის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაცულია სანიაღვრე სისტემებით, 1957 წლიდან ასევე გაყვანილია სარწყავი არხები,რომლითაც წყალი მიეწოდება ხაშურის სოფლებს მიწის ნაკვეთების მოსარწყავად. 1984-86 წლებში სარწყავ არხებს გაუკეთდა რეკონსტრუქცია, რომელიც ამჟმად მიმდინარეობს არხების აღდგენითი სამუშაოები.
ხაშურის ტერიტორიაზე არის მინერალური წყლები. ემტეისის დასახლებაში ბუნებრივად ამოდის გოგირდოვანი წყლები, რომლებიც ანთებითი პროცესების სამკურნალოდ გამოიყენება, რაც შეეხება ღარიბაღელის წყალს, მას მოსახლეობა კანის დაავადებისთვის იყენებს. ასევე არჩენს კუჭის წყლულს.